ხუთშაბათი, 25.04.2024, 15:01მოგესალმები სტუმარი | RSS
GEOVAR.Tk sauketeso
საიტის მენიუ
Block title
ბიოგრფიები [15]
გამოჩენილი ადამიანების ბიოგრფიები [0]
მწერლების ბიოგრაფიები [1]
მეფეები [9]
მოთხრობები-ლექსები [2]
ისტორია [1]
შესვლის ფორმა
ძებნა
მთავარი » 2010 » მარტი » 12 » ნიკო ბერძენიშვილი: საქართველოს რუსეთთან შეერთების ისტორიული მნიშვნელობისათვის
19:02
ნიკო ბერძენიშვილი: საქართველოს რუსეთთან შეერთების ისტორიული მნიშვნელობისათვის

ნიკო ბერძენიშვილი: საქართველოს რუსეთთან შეერთების ისტორიული მნიშვნელობისათვის 

საქართველოს რუსეთთან შეერთება, როგორც ისტორიული ფაქტი, თავიდანვე საკამათო თემა გახდა. ვინ ერეკლე ||-ის ამ ნაბიჯს დადებითად აფასებდა, ვინ კიდევ საყვედურობდა მას. სიმართლეს თუ ვიტყვით, სასწორის პინა მაინც ერეკლე მეფის მომხრეთა მხარეზე იხრებოდა.

ჩვენ არ ვაპირებთ ამ მნიშვნელოვანი მოვლენის ისტორიოგრაფიის განხილვას. მხოლოდ ორ ფაქტს გავიხსენებთ. აკადემიკოს ნიკო ბერძენიშვილმა 1945 წლის ღვინობისთვეში სოჭის ახლოს იოსებ სტალინთან შეხვედრის დროს გააკეთა მეტად მნიშვნელოვანი ჩანაწერი: "სტალინს საჭიროდ მიაჩნდა, წიგნის ბოლოში (იგულისხმება "საქართველოს ისტორიის" სახელმძღვანელო, - რედ.) ითქვას საქართველოს არჩევანის შესახებ, რომ საქართველოს ფეოდალურმა დაშლილობამ და რთულმა საგარეო პირობებმა ბოლო მოუღეს, რომ ოსმალეთი და ერანი ყოვლად მიუღებელი იყვნენ: ერანის ხელქვეშ საქართველოს ფერეიდნელობა ელოდა, ოსმალეთის ხელქვეშ - ტურეჩინა - (ფეოდალური ურთიერთობის ყველაზე ბარბაროსული ფორმა), რომ რუსეთი (არჩევანი), მართალია ბოროტება იყო, მაგრამ ის ისტორიულ პირობებში - უმცირესი ("|ტო ბთლო ზლო, ნო ვ ტეხ ისტორიჩესკიხ უსლოვჭხ |ტო ბთლო ნაიმენქშეე ზლო").

აკადემიკოსმა ნიკო ბერძენიშვილმა, ამ ისტორიული შეხვედრიდან თითქმის 10 წლის შემდეგ, 1954 წელს ჟურნალ "მნათობში" გამოაქვეყნა ვრცელი წერილი, სათაურით, "საქართველოს რესეთთან შეერთების ისტორიული მნიშვნელობისთვის". შემდეგ ეს წერილი შევიდა ნიკო ბერძენიშვილის შრომების მეხუთე წიგნში, რომელიც 1971 წელს გამოიცა. აღნიშნულ წერილში მეცნიერს საქართველოს რუსეთთან შეერთების შესახებ ისეთი საყურადღებო და ანგარიშგასაწევი დასკვნები აქვს გამოტანილი, რომლებსაც დღეს არ დაუკარგავს მეცნიერული ღირებულება, აქტუალურია და ამიტომაც მიზანშეწონილად ვცანით მისი თანამედროვე მკითხველისთვის გაცნობა (მოგვაწოდა ისტორიკოსმა დურმიშხან ცინცაძემ).|X-X|-სს. ამიერკავკასიაში დიდმნიშვნელოვანი სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობდა. ფეოდალური ურთიერთობა მოწიფულობის ასაკში შედიოდა და ამის შესაბამისად მცირე პოლიტიკურ ერთეულთა გამსხვილების ტენდენციები დაჟინებით თავს იჩენდა. საბოლოოდ ყალიბდებოდნენ ფეოდალური ხალხები - სომხები, ალბანელები, ქართველები.

X საუკუნის ფეოდალური ქართლი დიდ ხანია, რაც გადასცდა თავის ტერიტორიულ საზღვრებს, დიდი ხანია, რაც მონათმფლობელობის დროის ეთნიკურ-პოლიტიკურმა ტერმინმა "ქართლმა" ვერ დაიტია ახალი შინაარსი, ქართველურ თუ არაქართველურ ტომთა ფეოდალური გაერთიანების შემცველი. ახალ შინაარსთან ამ ძველი დროის ტერმინის - "ქართლის" - შეუსაბამობის მოწმობაა, რომ X საუკუნის ქართველ მწერალს გიორგი მერჩულეს საგანგებო განმარტება სჭირდებოდა, თუ რას ეწოდებოდა მისი დროის ქართლი. "ქართლად ფრიადი ქვეყანი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების" (გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება, ნ. მარის გამოცემა. თავი მგ, - 5-8). ამ ნიადაგზე აუცილებელი შეიქმნა, და კიდევაც შემუშავდა (იმავე X საუკუნეში), ახალი ტერმინი " საქართველო". ასე რომ, ტერმინი "საქართველო" ქართველურ თუ არაქართველურ ტომთა ფეოდალური გაერთიანების ხანის წარმონაქმნია და ამ გაერთიანების ხასიათის მაჩვენებელია. "საქართველო" არ ნიშნავდა ეთნიკურ-ტერიტორიულ მონახაზს ერთხელ აღებულ საზღვრებში, "საქართველო" თავის შინაარსშივე შეიცავდა გაფართოების (თუ შემცირების) უსაზღვრო შესაძლებლობას: "საქართველოა" ყოველგან, სადაც "ქართველი" ჩნდება, ხოლო "ქართველი" არის ყველა ის, ვინც ქალკედონიტია (კავკასიაში თუ მის მეზობლად) და ვინც საეკლესიო მსახურებას ქართულ ენაზე ისმენს.

კურაპალატების ქართული სახელმწიფო პოლიტიკა ტაო-ბასიანში, აფხაზთა მეფეების ღონისძიებანი კავკასიის მთიანეთში (ქართული" ქრისტიანობის გავრცელება) და ჰერეთის საბოლოო "გაქართველება" (ჰერთა მოქცევა დინარ დედოფლის მიერ) თანხმობით მოწმობდნენ, რომ ფეოდალური საქართველო კავკასიის შემკრებელის როლში გამოსვლას აპირებდა.

მელქისედეკ კათალიკოზის გაპატრიარქება X| საუკუნის დასაწყისში ამ მხრით ფრიად დამახასიათებელი აქტი ჩანს: ქართული (ქალკედონიტური) ქრისტიანობის ცენტრი კავკასიაში აღარ შეიძლებოდა დამოკიდებული ყოფილიყო, თუნდაც ნომინალურად, სხვა საპატრიარქოსგან.

ამისივე შესაბამისი იყო ქართული ენის "გაელინურება", X-X| საუკუნეში რომ მოხდა: ქართულს არ შეეძლო განმანათლებლის როლი ეთამაშა ახლად მოქცეულ და მოსაქცევ ხალხებში, თუ ის კულტურულ დამოუკიდებლობას ვერ მოიპოვებდა, თუ ის ბერძნულს ვერ გაუთანასწორდებოდა, თუ ის "ბარბაროსულივე" დარჩებოდა და იმ დროის სიბრძნის ლიტერატურული შემცველი სრულად ვერ იქნებოდა. ნიშანდობლივია, რომ დავით აღმაშენებელი, მისივე ისტორიკოსის ავტორიტეტული მოწმობით, ყოვლად განათლებული ადამიანი იყო, ხოლო ეს სიბრძნე მას შეთვისებული ჰქონდა ქართულ ენაზე არსებული ლიტერატურით (ქართლის ცხოვრება, ანა დედოფლისეული ნუსხა, გვ. 222).

გაერთიანების ხანის ეს იდეურ-პოლიტიკური და კულტურული რიგის მოვლენები შესაფერისი სოციალ-ეკონომიკურ პირობებს გულისხმობდა და მას ემყარებოდა. ასეთი იყო ვაჭრობა-ხელოსნობის განვითარება, სავაჭრო-სახელოსნო პუნქტების მრავლად წარმოშობა ("ახალ-ქალაქების ხანა"), სოფლის მეურნეობის აღმავლობა: ტყისა და ყამირის გატეხა, არხების მშენებლობა, სოფლობით თუ მცირე სამეურნეო ნაკვეთებად მიწის ყიდვა-გაყიდვის გახშირება, მევენახეობის ინტენსიფიკაცია (საგანგებოდ შემოღობილი "ზვრები"), საბატონო-სასაკუთრო მეურნეობის გამრავლება (ხოდაბუნები, "სეფენი აზნაურთანი"), გზების (კლდეკარების, ხიდების, ასპინძა-ფუნდუკების) მშენებლობა, დიდვაჭრობის გაცხოველება. ამის შესაბამისი იყო უმკაცრესი კლასობრივი ბრძოლა, რომელიც სათემო მიწების მიტაცებისა, თემების დაშლისა, თავისუფალ მოლაშქრეთა ("ყმათა") დაკნინება-აღზევების, აზნაურთა განდიდება-დამცრობის, გლეხთა ბეგარის დამძიმებისა და მისი შემდგომი დამონების ნიშნის ქვეშ მიმდინარეობდა.

სწორედ ასეთივე პროცესი ამავე დროს მიმდინარეობდა ფეოდალურ სომხეთსა და ალბანეთში. აქაც მსხვილი ფეოდალური ერთეულების წარმოქმნა, სადღეისო პოლიტიკურ ამოცანად იდგა.

მაგრამ ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებო ისაა, რომ ეს ფეოდალური ერთეულები (ქართული, სომხური, ალბანური) თავიანთ ეთნიკურ საზღვრებს არ სჯერდებიან და უფრო დიდი გაერთიანების ტენდენციებს ამჟღავნებენ. ორი საუკუნის მანძილზე მიმდინარეობდა ეს პროცესი. სულ უფრო და უფრო ცხადად ჩანდა იმის ნიშნები, რომ ეს პროცესი გამარჯვებით დაგვირგვინდებოდა და ამიერკავკასიის უდიდესი ნაწილი ერთ სახელმწიფო ორგანიზაციაში მოექცეოდა. ეს იყო ყოვლად პროგრესული მოვლენა, რომელიც ხელს შეუწყობდა, საფუძველს შეუქმნიდა ამიერკავკასიის ფეოდალური საზოგადეობის უფრო მაღალ საფეხურზე ასვლას. ისახებოდა ე. წ. წინაბურჟუაზიული გაერთიანება. ი. სტალინი ამბობდა: "არც ერთ ქვეყანას მსოფლიოში არ შეუძლია იმედი იქონიოს თავისი დამოუკიდებლობის შენარჩუნებისა, სერიოზული სამეურნეო და კულტურული ზრდისა, თუ მან ვერ მოახერხა ფეოდალური დაქუცმაცებულობისა და მთავრების უთანხმოებათაგან განთავისუფლება. მხოლოდ ერთიან ცენტრალურ სახელმწიფოდ გაერთიანებულ ქვეყანას შეუძლია იქონიოს სერიოზული კულტურულ-სამეურნეო ზრდის შესაძლებლობის, თავისი დამოუკიდებლობის განმტკიცების შესაძლებლობის იმედი".

X| საუკუნეში ფეოდალურმა სომხეთმა მძიმე მარცხი განიცადა. ჯერ ის ბიზანტიამ ჩაიგდო ხელში, ხოლო შემდეგ, X| საუკუნის მეორე ნახევარში, ბიზანტიელი დამპყრობლები თურქ-სელჩუკებმა შეცვალეს. ამრიგად, ფეოდალურმა სომხეთმა გაერთიანება ვერც კი მოასწრო, რომ მას სახელმწიფოებრიობა მოეშალა. მარცხი განიცადა ალბანეთმაც. მან ვერ მოასწრო ერთ მთლიან პოლიტიკურ (და ეთნიკურ-კულტურულ) ერთეულად ჩამოყალიბება. ალბანეთი დიდი ხანია საცილობელი ქვეყანა იყო სომხეთსა და საქართველოს შორის. აღნიშნული ხანისათვის მისი ერთი (სამხრეთ-აღმოსავლეთი) ნაწილი გასომხების გზაზე იდგა, მეორე (ჩრდილო-დასავლეთი) ნაწილი საქართველოს შერწყმოდა. X| საუკუნის პირველ ნახევარში ბიზანტია ალბანეთის დაუფლებისათვის იბრძოდა და აქედან ამირების (არაბულ-მაჰმადიანური მფლობელობის ნაშთები) გაძევებას ლამობდა. X| საუკუნის მეორე ნახევარში აქაც ბიზანტიელი დამპყრობლები თურქ-სელჩუკებმა შეცვალეს.

საქართველომ გაუძლო ბიზანტიის შემოტევას. კიდევ მეტი, ის გაერთიანდა და ლამობდა ამიერკავკასიიდან გაეძევებინა ბიზანტია, რომელიც "საწუნელი" შექმნილიყო ღონემოცემულ ხელდებულისათვის.

თურქ-სელჩუკების შემოსევით პოლიტიკური ვითარება ამიერკავკასიაში (და მთელს ახლოაღმოსავლეთში) სულ ერთიანად შეიცვალა. სასტიკად დამარცხებულმა ბიზანტიამ (1071 წ.) ამ მომთაბარეთა წინაშე ასპარეზი დაცალა. თურქები დაეპატრონენ სომხეთს, ალბანეთს; მათვე დაიპყრეს საქართველოს სამხრეთი და აღმოსავლეთი ნაწილები.

თურქების შემოსევა არსებითად განსხვავდებოდა ბიზანტიელებისა თუ არაბების ბატონობისაგან. თურქები მომთაბარე-მეჯოგენი იყვნენ. ისინი გადმოსახლებით მოდიოდნენ და დაპყრობილ ქვეყნებში თავისი მეურნეობისათვის საჭირო მიწებს იჭერდნენ. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი ხაზგასმით აღნიშნავს, თუ როგორ შეუთავსებული იყო, როგორ ერთიმეორის გამომრიცხველი იყო ორი მეურნეობა - თურქულ-მომთაბარული და ქართულ-ფეოდალური (ქართლის ცხოვრება, ანა დედოფლისეული ნუსხა, გვ. 210 და სხვ.). თურქი დამპყრობლები, როგორც შევნიშნეთ, გადმოსახლეობით მოდიოდნენ. მათ პრიმიტიულ მეურნეობას (მომთაბარე მეჯოგეობას) მიწის დიდი ფართობი სჭირდებოდა. დიდ მდინარეთა (არაზის, მტკვრის, ალაზნის, ივრის) ნოყიერი ჭალები და მაღალმთიანეთის ალპური საძოვრები თურქ მომთაბარეების ყიშლაღ-იალაღებად უნდა ქცეულიყვნენ. ადგილობრივ მკვირდთა ინტენსიური სამიწათმოქმედო კულტურა იკვეცებოდა. ბაღ-ვენახი, სელი და პურეული ადგილს უთმობდა პირველყოფილ საძოვრებს. ქართული (კავკასიური) ფეოდალური საზოგადოების განვითარება ფერხდებოდა, მას დაკნინება-გადაგვარება ემუქრებოდა. ასე რომ, თურქ-სელჩუკთა შემოსევა შეუდარებლად უფრო მძიმე და საშიში იყო, ვიდრე არაბთა (ან ბიზანტიელთა) ბატონობა. არაბობა ქართული (კავკასიური) ფეოდალური მეურნეობის განვითარებას მძიმე ხარკით აფერხებდა, "თურქობა" კი ამ მეურნეობას საფუძველს (მიწას) აცლიდა და მას ერთიანად გადაშენების საფრთხეს უქმნიდა.

შეფერხდა, ამრიგად, დიდი და პროგრესული საქმე კავკასიის გაერთიანებისა, შეიქმნა დიდი საფრთხე მოწინავე ფეოდალური ქვეყნების გადაგვარებისა. გაჩაღდა დაუნდობელი ბრძოლა დამპყრობელ თურქებსა და ადგილობრივ მკვიდრთა შორის.

ძალა, რომელიც ამ საფრთხის წინააღმდეგ საერთო ბრძოლის მეთაურობას იკისრებდა, მებრძოლთა ორგანიზებას შეძლებდა და სამიწათმოქმედო ფეოდალური კულტურის გადასარჩენად გამოვიდოდა. განასახიერებდა კავკასიის პროგრესისათვის მებრძოლის საპატიო მისიას.

ეს მისია წილად ხვდა საქართველოს.

თურქობასთან ბრძოლაში საქართველომ, მართალია, მძიმე ზიანის ფასად, მაგრამ მაინც შეინარჩუნა სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია. კრიტიკულ მომენტში ფეოდალურ-მოზარდმა საქართველომ გამოიჩინა უნარი საზოგადოების შიგნით არსებითი ხასიათის სოციალურ-პოლიტიკური ღონისძიებების გატარებისა. ამის შედეგად მან შეძლო საკუთარ ძალთა სრული მობილიზაცია და თურქობის წინააღმდეგ ბრძოლაში კავკასიის განმათავისუფლებლის როლში წარმატებით გამოვიდა.

საერთო საფრთხისაგან თავდაცვის საჭიროებამ ამიერკავკასიის ხალხთა პროგრესული ნაწილი თურქობის წინააღმდეგ ბრძოლაში გააერთიანა. დავით აღმაშენებლის ლაშქრობას თურქთა წინააღმდეგ სომხეთსა თუ შარვანში მხარს უჭერდნენ და აქტიურად ეხმარებოდნენ სომეხი ხალხის ფართო მასები და ალბანური (შარვანული) ტომები ("ქურდნი, ლეკნი და თარსანნი").

საქართველოს პოლიტიკურ მესვეურთ კარგად ესმოდათ თავისი ამოცანა. ესმოდათ თუ რაოდენ დიდი და ძნელი საქმისათვის შეემართათ და შესაფერისი მოფიქრებით, ტაქტით და გაბედულობით მოქმედებდნენ. საქართველო მოწოდებული აღმოჩნდა ქცეულიყო იმ ცენტრად, რომლის გარშემო ერთიანდებოდა მთელი კავკასია: 1. სომხეთი - მეურნეობრივად მაღალგანვითარებული, კულტურულად გამოკვეთილი, ისტორიული ტრადიციებით ძლიერი და კონფესიურად განსხვავებული (მონოფიზიტური), 2. აღმოსავლეთ ამიერკავკასია, ძველი ალბანიის დიდი ნაწილი (შარვანი, რანი) მაჰმადიანურ კულტურას ზიარებული და 3. კავკასიის მთიანეთი.

ამის შესაფერისი იყო დავით აღმაშენებლის კარზე შემუშავებული ქართული სახელმწიფოებრივი პოლიტიკა X|| საუკუნეში. საქართველოს სამეფო კარი თურქობის წინააღმდეგ ბრძოლაში არა მარტო სომეხთა მფარველობას იჩემებდა, არამედ ის ასეთივე პატივით ეპყრობოდა ისლამს და მის მსახურთ, სასტიკად იცავდა შევიწროებისაგან მაჰმადიან ვაჭრებს, მეგობრობდა და მფარველობდა მაჰმადიან პოეტებსა და მეცნიერებს. თბილისში თუ საქართველოს სხვა ქალაქებში მაჰმადიანები თავს სრულუფლებიან მოქალაქეებად გრძნობდნენ და მათ აქ სრულიადაც უფრო ცუდად არ ეცხოვრებოდათ, ვიდრე, ვთქვათ, ბაღდადსა თუ თავრიზში. ასე რომ, ქართული სახელმწიფო კარის პოლიტიკა მიმართული იყო თურქობისა და არა მაჰმადიანობის წინააღმდეგ. ამ ბრძნული პოლიტიკის შედეგი ის იყო, რომ საქართველომ თავიდან აიცდინა საშიში იზოლაცია და მტერთა მრავალგზისი საამისო ცდანი ბრწყინვალედ გააქარწყლა. თბილისი მრავალეროვანი სახელმწიფოს პოლიტიკურ-კულტურული ცენტრი ხდებოდა, ხოლო საქართველოს მეფე რეალურად იყო "შაჰანშა" და "შარვანშა", "მეფობისა და სულტნობის გამაერთიანებელი".

ასწლოვან ბრძოლაში საქართველომ სძლია თურქობას. ისტორიული განვითარების თვალსაზრისით ეს იყო პროგრესის დიდი გამარჯვება. ამ ბრძოლის პროცესში წარმოიქმნა სახელმწიფო ("ყოველი საქართველო"), რომლის გარშემო სხვადასხვა დამოკიდებულებით თავს იყრიდა "ფრიადი ქვეყანა" (ეს "ქვეყანა" კავკასიის საზღვრებს დიდად გადასცდებოდა).

ამავე დროს, X|| საუკუნის დასასრულს, ქართულ ფეოდალურ საზოგადოებაში თავს იჩენდა მოვლენები, რომელნიც აშკარად მოწმობდნენ, რომ მწიფდებოდა წინაპირობა საზოგადოებრივი განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე ასვლისათვის. უმკაცრესი სოციალურ-პოლიტიკური ბრძოლების ხასიათი X|| საუკუნის მანძილზე კარგად მოწმობდა, რომ ქართული ფეოდალური ურთიერთობა თავისი ზრდით კრიტიკულ ფაზაში შედიოდა.


კატეგორია: ისტორია | ნანახია: 2046 | დაამატა: elioza | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Block title

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Block title
მინი-ჩეთი